დაღესტანში შეტაკებებია. რუსული მედიის ცნობით, დერბენტში უცნობმა პირებმა სინაგოგასა და ეკლესიას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო სააგენტო "ტასი" დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმის შემდეგ სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
პარალელურად, მახაჩკალაში უცნობი პირები თავს დაესხნენ სამართალდამცველებს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
ტელეგრამ-არხის 112-ს წყაროს ცნობით, დერბენტსა და მახაჩკალაში თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარემ შამილ ხადულაევმა განაცხადა, რომ დერბენტში მღვდელი მოკლეს, მახაჩკალაში დაიღუპა ეკლესიის მცველიც.
მისი ინფორმაციით, მამა ნიკოლაის დერბენტის ეკლესიაში, ყელი გამოჭრეს, ის 66 წლის იყო და მძიმედ ავადმყოფობდა. მოკლეს მახაჩკალის ეკლესიის მცველი, სასულიერო პირები ეკლესიაში ჩაიკეტნენ და დახმარებას ელოდებიან.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, კვირას შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის პუნქტზე დერბენტსა და მახაჩკალაში. ტერაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
დაღესტნის შსს-ს უახლესი მონაცემებით, მახაჩკალაში ორი თავდამსხმელი მოკლეს, გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით კიდევ ორი ბერიოზკას სანაპიროზე დააკავეს.