საუდის არაბეთში, მექაში მიმდინარე პილიგრიმობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ, ოფიციალური მონაცემებით, 500-ს მიაღწია. იუწყება CNN.
მექაში პილიგრიმობა ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარდა, ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იყო. გავრცელებული ცნობებით, ტემპერატურა მექაში 52 გრადუსამდე ავიდა.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია და მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიზრდება, რადგან თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე ავრცელებს თავისი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას.
გარდა ამისა, მთავრობებმა იციან მხოლოდ იმ მომლოცველების შესახებ, რომლებიც დარეგისტრირდნენ და მექაში გაემგზავრნენ თავიანთი ქვეყნის კვოტით, ამიტომ შიშობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყოს არარეგისტრირებულ მომლოცველებს შორის.
საუდის არაბეთის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, წელს ჰაჯის რიტუალში1,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ რელიგიური შეკრებააა.
მიუხედავად იმისა, რომ მომლოცველთა შორის სიკვდილი არც თუ იშვიათია (შარშან 200-ზე მეტი დაიღუპა), ამჟამინდელი შეკრება განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს.
ჰაჯის სეზონი ყოველწლიურად იცვლება ისლამური კალენდრის მიხედვით და წელს მას ივნისში მოუწია, რომელიც სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თვეა.
ჰაჯი ტრადიციული მოლოცვის რიტუალია, რომელიც მექაში ყოველწლიურად ტარდება. პილიგრიმები სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც გადმოცემის თანახმად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო.
ჰაჯი უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობაა მსოფლიოში. ის მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.