ვარშავამ, შესაძლოა, ბელარუსთან საზღვარი სრულად დაკეტოს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ამჟამად, მთავრობა მსჯელობს
თუ რა შედეგები მოჰყვება საზღვრის დაკეტვას ეკონომიკისთვის.
”ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებზე,” - განაცხადა სიკორსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ, მაგალითად, „ფინელებმა დაკეტეს რუსეთთან სასაზღვრო პუნქტები და თხილამურებით სრიალი დასრულდა“.
სიკორსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც აღმოსავლეთ საზღვარზე ხდება „ახლა არის რუსული და ბელარუსის სამსახურების სრულად კონტროლირებადი ოპერაცია“.
მისი თქმით, განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ამ ადამიანებს ბელარუსის სახელმწიფოს ოფიცრები ასწავლიან, როგორ დაარტყან პოლონელ ჯარისკაცს, პოლონელ მესაზღვრეს, მაშინაც კი, როცა მესაზღვრეებს ჟილეტები აცვიათ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი გავლენის გაანალიზების შემდეგ, რათა ლუკაშენკამ იგრძნას მათი ქმედებების ეფექტი და არა ჩვენ», - განაცხადა სიკორსკიმ.
28 მაისს, სასაზღვრო პუნქტთან, 50-კაციანმა ჯგუფმა ქვები ესროლა პოლონელ მესაზღვრეებს.
6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში, ბელარუსიდან მიგრანტების გადასვლის მცდელობის დროს მესაზღვრეს დანით ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
ბელორუსის საქმეთა დროებით რწმუნებულს პოლონელი მესაზღვრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს, რომელშიც ვარშავამ ბელარუსის ხელისუფლებას მკვლელის იდენტიფიცირება და პოლონეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა მოსთხოვა.
10 ივნისს მიგრანტების მიერ საზღვრის ძალისმიერი გადაკვეთის მცდელობისას პოლონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადმინისტრაციის წინადადებას ბელარუსის საზღვარზე დროებითი ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.