ამერიკის შეერთებული შტატები ხურავს რუსეთის სავიზო ცენტრს და ართმევს რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
ანტონოვმა განმარტა, რომ დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.
რუსეთის ელჩის თქმით, ამერიკის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს.
„ყოველდღიური თავდასხმები ხდება ჩვენს წინააღმდეგ და დღეს, ფაქტობრივად, ერთი საათის წინ, ამერიკელებმა გამოგვიგზავნეს შეტყობინება, რომ სავიზო ცენტრი იხურება და ახლა დამატებითი ტვირთი ეკისრება რუს დიპლომატებს და კონსულებს. და მინდა დაიყოპვნებლივ ვთქვა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ თანამემამულეებს არ მივატოვებთ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ უზრუნველვყოთ საჭირო იურიდიული და საკონსულო მხარდაჭერა. დღეს ამერიკელებმა კიდევ ერთი წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა მოახდინეს რუს დიპლომატებზე. გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათები წაგვართვეს. ეს ბარათები პრივილეგიებს ანიჭებს დიპლომატებს ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ და არ გადაიხადონ გადასახადები ადგილობრივ ხაზინაში“, - აღნიშნა ანტონოვმა.