წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებით, ღაზის სექტორში ორგანიზაციის ოფისი დაბომბვის შედეგად დაზიანდა.
„პარასკევს შუადღისას დიდი კალიბრის ჭურვები ჩამოვარდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოფისიდან და საცხოვრებელი ნაგებობებიდან რამდენიმე მეტრში. თავდასხმამ დააზიანა ICRC-ის ოფისის შენობა, რომლის გარშემო ასობით იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, მათ შორის არიან ჩვენი პალესტინელი კოლეგებიც", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში, რომლიც X-ში გამოქვეყნდა.
ICRC-ის ცნობით, თავდასხმის შემდეგ, ორგანიზაციის მიმდებარე საველე ჰოსპიტალში 22 დაღუპულის ცხედარი და 45 დაშავებული მიიყვანეს, ასევე არსებობს ინფორმაცია სხვა მსხვერპლის შესახებ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებულთა კარვების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვას ქალაქ ღაზის ლტოლვილთა ბანაკში 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს, რომლებიც ღია სივრცეში ჩავარდა.