თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
კოჩას თქმით, 10 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მისივე თქმით, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობენ.
ხანძარი დიარბაქირის პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო ზონაში გუშინ გვიან გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მარდინის პროვინციაში გავრცელდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ 21 ივნისს ღამით განაცხადა, რომ მეხანძრეებმა შეძლეს ცეცხლის გავრცელების შეჩერება, თუმცა ქრობის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.