გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საერთაშორისო კონფერენციას „INTERPRAEVENT 2024“ დაესწრნენ; შეხვედრები გაიმართა ტიროლის პროვინციის თოვლის ზვავების მართვის სამსახურში და ინსბრუკის უნივერსიტეტში.
საერთაშორისო კონფერენცია „INTERPRAEVENT 2024“ ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. წლევანდელ კონფერენციის თემას „ბუნებრივი საფრთხეები კლიმატის ცვლილების ფონზე - როგორ ვმართოთ რისკები გლობალური დათბობის პირობებში" წარმოადგენდა. კონფერენციის მონაწილეებმა ბუნებრივი საფრთხეების, მათი მართვის და პრევენციის საკითხები განიხილეს.
„ვიზიტის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა, გავცნობოდით განვითარებულ ქვეყნებში კლიმატის ცვლილების საერთო ფონზე ბუნებრივი საფრთხეების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და მათ მართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ისეთი ფორმატის ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორიცაა საერთაშორისო კონფერენცია „INTERPRAEVENT 2024“, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში სტიქიური პროცესების მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.