20 ივნისს შეერთებული შტატების სენატში, ამერიკელმა სენატორებმა ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა, წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.
სენატორ გრემის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღარება მნიშვნელოვნად გაზრდის შეერთებული შტატების შესაძლებლობას "პუტინის დასასჯელად უკრაინაში მისი ბარბაროსული ქმედებებისა და მისი დესტრუქციული ნაბიჯების გამო მთელ აფრიკასა და მსოფლიოში".
"პუტინის რუსეთი ტერორიზმის სპონსორია და უკვე დიდი ხანია დროა, ამის ოფიციალურად აღიარება აშშ-ოს კანონმდებლობით", - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.
თავის მხრივ, დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ "რუსეთმა დაიმსახურა თავისი ადგილი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების კლუბში ძალადობისა და აგრესიის სასტიკი კამპანიის გაჩაღებით უკრაინაში".
ეს არ არის ამერიკელი კანონმდებლების პირველი მცდელობა, აღიარონ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. სენატორებმა ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა მსგავსი კანონპროექტი სენატს 2022 წელსაც წარუდგინეს, თუმცა მაშინ ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.
ამასთან, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, უჩივლონ რუსეთის მთავრობას აშშ-ს სასამართლოებში და მიიღონ კომპენსაცია ჩამორთმეული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან.
ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.