მდინარეებსა და შავ ზღვაში მოხვედრილი პლასტიკის ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგიებზე, პლასტიკით დაბინძურებული ცხელი წერტილების გამოვლენასა და პლასტიკის ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პოლიტიკაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო, რომელმაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაზე გაამახვილა ყურადღება.
"ოკეანეების, ზღვების და მდინარეების პლასტიკით დაბინძურება გლობალური პრობლემაა. მნიშვნელოვანია, შავი ზღვის დაბინძურების დონის და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზების შესწავლა. გასათვალისწინებელია, რომ ზღვის ფრაგმენტულად გასუფთავება გრძელვადიანი შედეგის მომტანი ვერ იქნება, ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. საქართველომ, შავი ზღვის ქვეყნებთან ერთად, უნდა იზრუნოს შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
პლასტიკის დაბინძურების დასაძლევად საქართველოს მთავრობამ 2021 წელს პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა, ამავე წელს, ქვეყანა მაღალი ამბიციის კოალიციაში გაწევრიანდა, რომლის მიზანიც 2040 წლისთვის პლასტიკის დაბინძურების სრულად აღმოფხვრაა.
მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის კლაუს სატლერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, პლასტიკის დაბინძურების საფრთხეების აღმოფხვრის პოლიტიკის შემუშავების ნაწილში, საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
შეხვედრა მსოფლიო ბანკის PROBLUE ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ინტეგრირებული, მდგრადი და ჯანსაღი საზღვაო და სანაპირო რესურსების განვითარების მხარდაჭერაა.