უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტის კომუნიკეში რამდენიმე ქვეყნის ხელმოწერის გაწვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შვეიცარიელმა კოლეგებმა ხელმომწერთა პირველ სიაში, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, შეიყვანეს რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც იმ დროს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბოლოოდ დადასტურებული დოკუმენტზე ხელმოწერა.
კულებას განმარტებით, ამ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ განხილული არ ჰქონდათ და რადგან სამიტის ბოლო მომენტამდე კომუნიკე ჯერ კიდევ რედაქტირდებოდა, ისინი ამ სიიდან ამოიღეს.
ამასთან, კულებამ თქვა, რომ რამდენიმე ქვეყანა კომუნიკეზე ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავს თუმცა არ დაუზუსტებია რომელ ქვეყნებზეა საუბარი და აღნიშნა, რომ მის მიერ ამის გაჟღერება არასწორი იქნებოდა.
"არსებობს რამდენიმე ქვეყანა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზში, რამდენიმე ქვეყანა ოკეანიიდან და აზიიდან (შეიძლება ხელი მოაწეროს სამიტის გადაწყვეტილებას)", - თქვა კულებამ.
შეგახსენებთ, რომ საბოლოო დოკუმენტს თავდაპირველად მხარი დაუჭირა 80-მა ქვეყანამ და ოთხმა ორგანიზაციამ, შემდეგ სამმა ქვეყანამ - ერაყმა, იორდანიამ და რუანდამ ხელმოწერა გაიწვია, მაგრამ შეუერთდნენ ანტიგუა და ბარბუდა, ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია და მსოფლიო საპატრიარქო.