რუსეთის კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის სულ მცირე სამ რაიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
კრასნოდარის რეგიონის ოპერატიული შტაბის თანახმად, თავდასხმა უყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა საწარმოს ორი თანამშრომელი, დაზიანებულია ქარხნის ადმინისტრაციული შენობები და სამეურნეო ნაგებობები.
ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო სოფელ ვოლნასა და დაბა აფიპსკიზეც. ამ რაიონებშიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის ბაზა მდებარეობს. კრასნოდარის ოპერატიული შტაბი ამ საწარმოებზე არაფერს ამბობს. მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ვოლნაში დააზიანა საოჯახო სასტუმრო, თუმცა არავინ დაშავებულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
გარდა ამისა, ტელეგრამ-არხი ASTRA ირწმუნება, რომ აფეთქებების ხმა ესმოდა ნოვოროსიისკის და ვოლგოგრადის მოსახლეობას. თუმცა ეს ცნობებიც გადაუმოწმებელია.
დრონებით შეტევა იყო კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კრასნოდარზეც. მერის, ევგენი ნაუმოვის თანახმად, დაშავდა 4 ადამიანი, დაზიანებულია ავტოსადგურ „იუჟნის“ შენობა და საქვაბე.