უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია გამოიყენოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი არა მხოლოდ ხარკოვის რეგიონის მახლობლად, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. იუწყება Reuters.
„საპასუხო ცეცხლის შესაძლებლობა არის ის, რისკენაც ეს პოლიტიკაა მიმართული... როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ჯარები დარტყმებს ახორციელებენ საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან, უკრაინასაც შეუძლია უპასუხოს ამ სახმელეთო ძალებს აშშ-ის მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით“, - განაცხადა რაიდერმა.
რაიდერის განმარტებით, უკრაინის არმიის საპასუხო ქმედებები ამ შემთხვევაში არის თავდაცვა. „ასე რომ მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი შესაძლებლობა“, - განმარტა მან.
მანამდე იგივე განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში.
სალივანს შეკითხვა დაუსვეს, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების დაშვების შესახებ. „ეს არ არის გეოგრაფიის საკითხი. თუ რუსეთი უტევს ან აპირებს უკრაინაზე თავდასხმას მისი ტერიტორიიდან, მაშინ უკრაინას უნდა მიეცეს საპასუხო დარტყმების უფლება იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც თავს ესხმიან მას საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან“, - თქვა სალივანმა.
მაისის ბოლოს, ხარკოვის რეგიონზე რუსული თავდასხმების გაძლიერების ფონზე, რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას უფლებამისცა გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.