კანადელი მსახიობი და პროდიუსერი დონალდ საზერლენდი, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში "შიმშილის თამაშები", 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისმა ვაჟმა, მსახიობმა კიფერ საზერლენდმა განაცხადა.
"გულის ტკივილით გაცნობებთ, რომ მამაჩემი, დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა. ვფიქრობ, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახიობი კინოს ისტორიაში. მას უყვარდა ის, რაც აკეთებდა და აკეთებდა იმას, რაც უყვარდა", - წერს მსახიობის ვაჟი სოციალურ ქსელ X-ში.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2018 წელს საზერლენდს მიენიჭა ოსკარი კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთის. ის ასევე იყო ოქროს გლობუსის ორგზის მფლობელი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. გარდა ამისა, 1995 წელს საზერლენდმა მიიღო მთავარი ამერიკული სატელევიზიო ჯილდო "Emmy" საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის სატელევიზიო ფილმში "მოქალაქე X".