კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ კანადის საჯარო უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანკმა დაადასტურა. მანაღნიშნულ გადაწყვეტილებას "ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი" უწოდა.
„ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ტერორისტულ ერთეულთა სიაში შეიყვანოს“, – აღნიშნა ლებლანკმა.
ამასთან, მან დაადანაშაულა ირანის რეჟიმი „ტერორიზმის მხარდაჭერაში“ და „ადამიანის უფლებების მუდმივ უგულებელყოფაში“.
მანამდე, კანადის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანის ათასობით მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის IRGC-ის რიგით წევრებს, კანადაში შესვლა აეკრძალებათ. როგორც ცნობილია, ამჟამად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დაახლოებით 190 000 თანამშრომელი ჰყავს, რაც მოიცავს ირანის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შეიარაღებულ ძალებს.
როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვარში თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც ირანული რაკეტით ჩამოაგდეს, დაიღუპა კანადის 85 მოქალაქე.