ზუსტად 5 წელი გავიდა გავრილოვის ღამიდან, როდესაც კრემლის საამებლად ახალგაზრდებს დათხარეს თვალები და დაასახიჩრეს ეს ადამიანები სრულიად გამიზნულად, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილი 20 ივნისს დაშავებულ დავით ფარადაშვილთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდა.
ფავლენიშვილის განცხადებით, ფარადაშვილს ელემენტარული სამედიცინო დახმარების მისაღებად თვეობით ლოდინი სჭირდება.
„ზუსტად 5 წელი გავიდა გავრილოვის ღამიდან, 20 ივნისიდან, როდესაც კრემლის საამებლად ქართველ პატრიოტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს დათხარეს თვალები, მიაყენეს მძიმე დაზიანებები და დაასახიჩრეს ეს ადამიანები სრულიად გამიზნულად. დღეს, 5 წლის მანძილზე, ეს ადამიანები არიან სრულიად მიტოვებულები სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. დღეს მე ჯანდაცვის სამინისტროსთან მოვედი დავით ფარადაშვილთან ერთად, რომელიც იყო აქტიური, მშრომელი ადამიანი, ინახავდა ოჯახს, თუმცა დღეს ის არის ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, ვერ ახერხებს გადაადგილებას, სრულფასოვან ცხოვრებას, ვეღარ მუშაობს, ვეღარ ინახავს ოჯახს და სახელმწიფოსგან არის სრულიად მიტოვებული. ელემენტარულ სამედიცინო დახმარებასაც კი, რომელსაც მას უწევენ, სჭირდება თვეობით ლოდინი და რამდენიმე განცხადების დაწერა. დათოს უჭირს გადაადგილება, სრულფასოვანი ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენ ყველა ინსტიტუციას მივმართავთ და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ, რომ დათოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს და მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ასევე მომავალში ჩვენ გპირდებით, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები სახელმწიფოს ძალადობის გამო, მათი უფლებები იქნება აღდგენილი და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება კონკრეტული გზები, რითაც ამ ადამიანებს ვუმკურნალებთ და ამ ადამიანებს ექნებათ შესაბამისი დახმარება და ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ეს ადამიანები არიან გმირები, პატრიოტები, რომლებმაც თავიანთი ჯანმრთელობა გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის და ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.