აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დასავლეთის სტრატეგია უკრაინის დასახმარებლად ეფექტურ შედეგებს აჩვენებს რუსული აგრესიის მოგერიებაში და ნატო-ს მომავალი სამიტის გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს უკრაინის წარმატებას.
ამის შესახებ ბლინკენმა ვაშინგტონში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინის სტრატეგია, რომელიც გვაქვს და რომელსაც ინდივიდუალურად და ერთობლივად ვახორციელებთ თითქმის 2,5 წელია, აჩვენებს ეფექტურ შედეგს, რომ უკრაინას შეუძლია მოიგერიოს რუსული აგრესია.
შეგახსენებთ რომ პუტინის მიზანი პირველივე დღიდან იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის დასრულება და მისი რუსეთთან ანექსია. მას ეს არ გამოუვიდა.
მაგრამ მომავალში, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, რომ ის მყარად იდგება საკუთარ ფეხზე, სამხედრო, ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზირისთ და ეს არის ზუსტად ის, რაშიც ჩვენ ვეხმარებით უკრაინას.
და ეს არის სამომავლო წარმატების ნიშანი. გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სამიტზე {ნატო-ს} ხელს შეუწყობს ამ ძალისხმევას, - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ახლა მუშაობს უკრაინის ფრონტზე ამერიკული დახმარების მიწოდების დასაჩქარებლად. მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ ”ეს ძალზე ეფექტურია ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისა და რუსების წინსვლის შეჩერების თვალსაზრისით” და დასძინა, რომ ”ყველაზე მნიშვნელოვანია თვით უკრაინელების უკიდურესი გამბედაობა და გამძლეობა”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროებისამებრ, ახალი სანქციები დაწესდება რუსეთზე, რათა „გაგრძელდეს ზეწოლა, რომ აგრესია საბოლოოდ შეჩერდეს“.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა ჩინეთის დახმარება რუსული სამხედრო მანქანისთვის.
„ჩვენ ვუყურებთ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, მათ შორის ჩინეთს.
ისინი კრიტიკულ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას... ჩარხების დაახლოებით 70 პროცენტი, რომელსაც რუსეთი იმპორტს ახორციელებს, ჩინეთიდან არის; მიკროელექტრონიკის 90 პროცენტი ჩინეთიდან არის. და ამან რუსეთს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზა, მხარი დაუჭირა ომის მანქანას, მხარი დაუჭირა ომს. ასე რომ, ეს უნდა შეწყდეს“, - თქვა მან.