ერაყისა და იორდანიის შემდეგ, უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან ხელმოწერა რუანდამაც გაიწვია. იტყობინება გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" შვეიცარიის საგარე საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია 17 ივნისს განახლდა. რუანდა არ არის კომუნიკეზე ხელმომწერთა სიაში, თუმცა 16 ივნისის მდგომარეობით, რუანდის ხელმოწერა ფიქსირდებოდა.
ამასთან, 17 ივნისის მდგომარეობით, კომუნიკეზე დაემატა მსოფლიო საპატრიარქოს ხელმოწერა.
მანამდე, კომუნიკედან ხელმოწერები გაიწვიეს ერაყმა და იორდანიამ.
15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართული მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი კომუნიკე.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლობალური მშვიდობის სამიტის დასკვნით დეკლარაციას ხელი 80-მა სახელმწიფომ და ოთხმა ორგანიზაციამ მოაწერა.