ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, თუ ვინ დაიკავებს ბლოკის უმაღლეს თანამდებობებს. ამის შესახებ 18 ივნისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, შეთანხმების ვერმიღწევის ერთ-ერთი მიზეზი იყო ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოზიცია, რომელსაც სურდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ნაცვლად 5-წლიანი ვადისა, 2.5-წლიანი ვადით აერჩიათ. ამ ორი ვადიდან ერთ-ერთის დათმობას EPP საკუთარი კანდიდატურისთვის ითხოვდა. ამ წინადადებას კატეგორიულად არ დაეთანხმნენ სოციალ-დემოკრატები.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავება სურს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც წარმოადგენს ევროპის სახალხო პარტიას (EPP). სწორედ ამ პარტიამ მიიღო ივნისის დასაწყისში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანტონიუ კოშტა. იგი წარმოადგენს ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ფრაქციას, სოციალ-დემოკრატებს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ფავორიტია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი
ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ბლოკის უმაღლეს თანამდებობზე კანდიდატურების განხილვას მომავალი კვირის ბოლოს დაუბრუნდებიან.