ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად არის რუსეთი დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.
სტოლტენბერგის თქმით, პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში „ადასტურებს, თუ რამდენად არიან დამოკიდებული პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე“.
„მათი (რუსეთის) უახლოესი მეგობრები და რუსეთის სამხედრო ძალისხმევის, დაპყრობითი ომის უდიდესი მხარდამჭერები არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი“, - დასძინა მან.
შეკითხვაზე, თუ რა ქმედებები შეიძლება განახორციელოს ნატო-მ ამ „ბოროტების ღერძის“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე დაწესებულია მრავალი სანქცია. „პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ახლა არღვევს ამ სანქციებს“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე მიაწოდა რუსეთს მილიონი ჭურვი და იარაღის ეს მიწოდება გრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 და 19 ივნისს "მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით" ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიწვევით შედგება.