საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ საფრანგეთში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან ახალგაზრდბს მოუწოდა არჩევნeბში მონაწილეობა მიიღონ. მბაპეს თქმით, ქვეყნის ისტორიაში, გადამწყვეტი მომენტია.
მისივე თქმით, ფეხბურთელები უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები არიან და არ უნდა იყვნენ მოწყვეტილები არსებული სამყაროსგან. მისი თქმით, იგი უკიდურესობებისა და უთანხმოების გამომწვევი იდეების წინააღმდეგია.
"ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს კარიერაში, მაგრამ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეები ვართ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვწყდეთ ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს. დღეს ყველა ვხედავთ, რომ ექსტრემისტები ძალიან ახლოს არიან ძალაუფლების მოპოვებასთან და გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, გავიდნენ და ხმა მისცენ, რეალურად გააცნობიერონ ვითარების მნიშვნელობა. ქვეყანას სჭირდება მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ღირებულებებთან იდენტიფიცირება. ეს უდავოა. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ," - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა.
6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d'Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნების პირველი ტური - 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.