უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ევროპას მიმართა, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ.
"ფეხბურთი არ არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბევრი ზრდასრული და ბავშვი დაიღუპა. უკრაინა ძალიან რთულ პერიოდს გადის", - განაცხადა რებროვმა, რომელიც დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკიდან არის.
50 წლის მწვრთნელის განცხადება ჯგუფურ ტურნირზე უკრაინის ნაკრების მატჩის წინა დღეს გაკეთდა. ორშაბათს, 17 ივნისს 15:00 საათზე მიუნხენში რებროვის გუნდი რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
"ომი გრძელდება. ჩვენ გვჭირდება მუდმივი მხარდაჭერა, ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, ჩვენ ვიბრძვით ევროპის მშვიდობისთვის", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა და აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა, მათ შორის სტადიონებზე, დამატებითი სტიმული იქნება მისი გუნდისთვის.
"პირველი თამაში იქნება ძალიან ემოციური მომენტი. როცა უყურებ ახალ ამბებში, რა ხდება სახლში, რთულია იყო აქ და ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო", - თქვა უკრაინის ნაკრების მცველმა ილია ზაბარნიმ, რომელიც ინგლისის „ბორნმუთში“ თამაშობს.
რებროვმა აღნიშნა, რომ უკრაინელები ამაყობენ თავიანთი ფეხბურთელებით, ხოლო ფეხბურთელები ამაყობენ თავიანთი ხალხით.
ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინის ნაკრებს საშინაო მატჩები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სამშობლოში არ უთამაშია. თუმცა, გუნდმა მაინც მოახერხა ევრო 2024-ზე გასვლა.