კანადის საზღვაო ძალების საპატრულო ხომალდი ჰავანაში პარასკევს ღამით მას შემდეგ ჩავიდა, რაც კუბაში, გუანტანამოს ყურეში, ამერიკული სწრაფმავალი მოიერიშე წყალქვეშა ნავი შევიდა. აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ორივე გემი ამ კვირის დასაწყისში კუნძულზე რუსული ხომალდების ჩასვლის შემდეგ გამოჩნდა.
სამი ქვეყნის გემების ერთდროულმა ყოფნამ კუნძულზე, ფლორიდადან სამხრეთით 145 კილომეტრში, მედიას გაახსენა ცივი ომის დროს არსებული დაძაბულობა.
თუმცა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე კუბამ განაცხადეს, რომ რუსული გემები რეგიონს საფრთხეს არ უქმნიან. რუსეთმა კი მოკავშირე კუბაში თავისი გემების ჩასვლასრუტინული ოპერაცია უწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ და ატომური წყალქვეშა ნავი ყაზანი“, ოთხშაბათს, 12 ივნისს ჰავანის ნავსადგურში, ატლანტის ოკეანეში წვრთნების შემდეგ შევიდნენ.
კანადურმა საპატრულო გემმა „მარგარეტ ბრუკმა“ პარასკევს დაიწყო მანევრები ჰავანის ნავსადგურში, კანადის ერთობლივი ოპერაციების სარდლობამ მას უწოდა "ვიზიტი პორტში... კანადასა და კუბას შორის ხანგრძლივი ორმხრივი ურთიერთობის აღიარებით."
რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ მოერიშე წყალქვეშა ნავი Helena შევიდა გუანტანამოს ყურეში, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, ჰავანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 850 კილომეტრში.
კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო ამერიკული წყალქვეშა ნავის ჩასვლის შესახებ, თუმცა ეს მათთვის არასასიამოვნო იყო.
”ჩვეულებრივ, საზღვაო ვიზიტები მოწვევით ხდება, მაგრამ ეს ასე არ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვწონს ჩვენს ტერიტორიაზე [წყალქვეშა ნავის] არსებობა, რომელიც ეკუთვნის იმ ძალას, რომელსაც აქვს მტრული ოფიციალური და პრაქტიკული პოლიტიკა კუბის მიმართ“, - თქვა საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილემ კარლოს ფერნანდეს დო კოსიომ.
კანადელმა დიპლომატმა „მარგარეტ ბრუკის“ ჩასვლას უწოდა ჩვეულებრივი საქმე და ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილი და აღნიშნა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული რუსული გემების არსებობასთან.
მოსალოდნელია, რომ რუსული ხომალდები ჰავანის ნავსადგურში 17 ივნისამდე დარჩებიან.