უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა.
ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-თან განაცხადა.
„რა შემიძლია ვთქვა: ეს მესიჯები არის ულტიმატუმი, ისინი არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც მან ადრე გააკეთა.
ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის, რასაც ის აკეთებს, არის ნაციზმის აღორძინება. ეს არის ამ ნაციზმის ახალი ტალღა, რუსული ნაციზმი. მას სურს, რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მას ასევე სურს ჩვენი არაოკუპირებული ტერიტორიები. ის ჩვენი ქვეყნის რეგიონებზე საუბრობს და გაჩერებას არ აპირებს. გაყინული კონფლიქტი არ იქნება“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა გააკეთა, როცა თქვა: მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ყველაფერი აქ დასრულდება“.
უკრაინის ლიდერმა გაიხსენა, რომ შემდეგ იყო პოლონეთისა და ევროპის ოკუპაცია.
„თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასოდეს ჩერდება... თქვენ არ უნდა ენდოთ ამ ცნობებს, რადგან პუტინი იმავე მარშრუტს მიჰყვება.
დღეს ის ოთხ რეგიონზე საუბრობს, ადრე ყირიმზე და დონბასზე... არ აინტერესებს რა ბედი ეწევა ხალხს, ეს არის ნაციზმის ახალი სახე“, - თქვა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას დღეს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობა უნდა იყოს უკრაინის ჯარების „სრული გაყვანა“ ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან.
მისი თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.
პუტინის თქმით, ყველა დასავლური ანტირუსული სანქციაც უნდა მოიხსნას.