რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობა უნდა იყოს უკრაინის ჯარების „სრული გაყვანა“ ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან.
პუტინის თქმით, რუსეთი ასევე გარანტიას იძლევა დონბასიდან და ნოვოროსიიდან უკრაინული შენაერთების შეუფერხებლად, უსაფრთხოდ გაყვანაზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება კიევში.
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.
პუტინის თქმით, ყველა დასავლური ანტირუსული სანქციაც უნდა მოიხსნას.
„რა თქმა უნდა, სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, უნდა იყოს აღიარებული ახალი ტერიტორიული რეალობები: ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სტატუსი. მომავალში, ყველა ეს ძირითადი, ფუნდამენტური დებულება უნდა იყოს ჩაწერილი ფუნდამენტური საერთაშორისო შეთანხმებების სახით.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლური სანქციები უნდა მოიხსნას, დასძინა მან და მოუწოდა „ისტორიის ტრაგიკული ფურცლის გადაბრუნებას და თანდათან აღადგინოს ურთიერთობები უკრაინასთან და ევროპასთან“. პუტინის თქმით, ეს არ არის „დროებითი ზავის“ შეთავაზება. საუბარია არა კონფლიქტის გაყინვაზე, არამედ მის „საბოლოო დასრულებაზე“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინამ დასავლელი კურატორების ბრძანებით უარყო მშვიდობის გზა. პუტინის თქმით, მთავარი როლი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეასრულა, რომელმაც კიევში პირდაპირ თქვა, რომ არავითარი შეთანხმებები არ იყო მისაღები, რადგან აუცილებელია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე, მისი სტრატეგიული დამარცხების მისაღწევად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო ცდილობდა, უკრაინა გადაექცია რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად და სწორედ დასავლეთმა მოამზადა, გამოიწვია უკრაინის კრიზისი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს.