ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილი გაუგზავნა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს, ჯოზეფ ბორელს, წინადადებით შეიზღუდოს რუსი დიპლომატების გადაადგილება შენგენის ქვეყნებში.
როგორც წერილშია აღნიშნული, ეს მოთხოვნა დაკავშირებულია ეჭვებთან, რომ თავისუფალი გადაადგილება დიპლომატებს უადვილებს „მავნე ქმედებების“ განხორციელებას. ამის შესახებ დასავლურ სააგენტოებს ჩეხეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ წერილი ბორელს უკვე გაეგზავნა. მინისტრის თქმით, შეთავაზებული ღონისძიება აუცილებელია, რადგან რუსი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების გადაადგილება შენგენის ქვეყნებში „აყალიბებს ინფრასტრუქტურას“ უკანონო ქმედებებისთვის.
წერილში ნათქვამია, რომ „სადაზვერვო საქმიანობა, პროპაგანდა და
დივერსიული აქტების მომზადებაც კი ევროკავშირში რუსი ვითომც დიპლომატების მნიშვნელოვანი ნაწილის მთავარი ამოცანაა“.
სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვა ბორელისადმი, ხაზს უსვამს შემაკავებელი ზომების სასწრაფო მიღების აუცილებლობას.
ლიპავსკიმ თქვა, რომ რუსი დიპლომატების გადაადგილებები ქმნის საფუძველს კიბერსივრცეში საფრთხისა და სხვა დივერსიებისთვის, იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან მოსკოვის მცდელობებით, დათესოს უთანხმოება მათ შორის. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰიბრიდული საფრთხეები იზრდება და ევროკავშირმა უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ არ აპირებს ამის მოთმენას.
წერილს ხელს აწერენ ნიდერლანდები, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხეთი.