შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება შეიცავს პუნქტებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უსაფრთხოების შეთანხმება შეიცავს „იურიდიულად სავალდებულო ნაწილს“, რაც ნიშნავს, რომ ამერიკული მხარდაჭერა საიმედოა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რას ეხებოდა მისი საუბარი.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინისადმი „ომის მოსაგებად“ და ის გაგრძელდება მშვიდობიან პერიოდშიც.
„შეთანხმება შეიცავს კარგ პუნქტებს ჩვენი თავდაცვისთვის იარაღთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი Patriot-ის სისტემებზე, უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდებაზე, კერძოდ, F-16-ზე. ჩვენ ამისთვის დიდი ხანია ვიმუშავეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უსაფრთხოების შეთანხმების სხვა პუნქტებთან ერთად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინისა და შეერთებული შტატების თავდაცვის ინდუსტრიას შორის თანამშრომლობას, რუსეთის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების ნაბიჯებს, კერძოდ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს, ასევე უკრაინის ნატო-ში მომავალი წევრობის მხარდაჭერას.