ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა 13 ივნისს მიიღეს „ოპერატიული გეგმა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებისთვის“, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს უფრო დიდ როლს უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებასა და წვრთნაში.
ნატო-ს მიერ დამტკიცებული გეგმა, კერძოდ, ითვალისწინებს, რომ მომავალში ალიანსი თავის თავზე აიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებასა და წვრთნების საერთაშორისო კოორდინაციას.
ის, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ ნატო შექმნის ამერიკის უსაფრთხოების დახმარების ჯგუფის ანალოგს უკრაინაში (SAG-U), რომელიც მოქმედებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულ შტაბ-ბინაში, გერმანიის ქალაქ ვისბადენში და ჰყავს 300-მდე სამხედრო მოსამსახურე.
დოკუმენტი მიღებულ იქნა წერილობითი პროცედურით ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში. გეგმას მინისტრების ოფიციალური დამტკიცების შემდეგ გამოაქვეყნებენ.
როგორც ცნობილია, „ოპერატიული გეგმის“ დამტკიცებას უნგრეთი დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ ალიანსის ინიციატივას შესაძლოა რუსეთთან „პირდაპირი დაპირისპირება“ მოჰყვეს.
მაგრამ გუშინ ორბანი შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და დათანხმდა ვეტოს მოხსნას იმ პირობით, რომ უნგრეთი არ მიიღებდა მონაწილეობას უკრაინელების წვრთნაში და არ დააფინანსებდა იარაღის მიწოდებას.