მედიის ცნობით, ერევანში, პარლამენტის შენობასთან მორიგი ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხრიდან არიან დაშავებულები. დაკავებულია ათობით ადამიანი.
სომხეთის პარლამენტთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოდიოდა, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებდნენ.
მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, სამართალდამცავებმა ისინი ალყაში მოაქციეს. დაიწყო შეტაკებები.
სომხეთის პოლიციამ აქციის 98 მონაწილე დააკავა. ასევე პოლიციის ინფორმაციით დაშავდა 10 სამართალდამცველი.
დაშავებული მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ სამედიცინო დახმარებას სულ მცირე 30-მა ადამიანმა მიმართა. ერთ-ერთმა მათგანმა ხელის მძიმე დაზიანება ხმოვანი ყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე მომიტინგეების მხრიდან პოლიცილებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აღიძრა.
ერევანში საპროტესტო აქციები მაისის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს სომხეთის საზღვარზე მდებარე ოთხი სოფლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემის გამო.
პროტესტის მონაწილეები გაერთიანდნენ სომხური სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსის ბაგრატ გალსტანიანის გარშემო და რეგულარულად აწყობენ ანტისამთავრობო აქციებს.