თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა 27 წლის დავით ელიზბარაშვილის ცემაში ბრალდებული სამართალდამცავების პროცესი გადადო. პროცესის დაწყებისთანავე, ბრალდებულებმა დავით წითელაურმა და მალხაზ ციხელიშვილმა თავი დამნაშავედ სცნეს, მაგრამ ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს.
ბრალდებულების ადვოკატმა ბადურ გულიაშვილმა განაცხადა, რომ ციხელიშვილი და წითელაური ჩვენების მისაცემად მზად არ იყვნენ.
დავით წითელაურს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, მალხაზ ციხელიშვილმა კი აღნიშნა, რომ მისი და წითელაურის მიერ, ელიზბარაშვილის ცემის შემდეგ, ნევროზული შოკი განუვითარდა, ამიტომ კარგად ვერ მეტყველებს.
„ვმკურნალობდი და წამლების მიღება უფულობის გამო შევწყვიტე. ამიტომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა მაქვს და შესაძლებელია, კითხვებზე პასუხი ვერ გაგცეთ" -განაცხადა ციხელიშვილმა.
მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა პროცესი 24 იანვრისთვის გადადო.
შეგახსენებთ, რომ კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, თანამშრომლებმა მალხაზ ციხელიშვილმა და დავით წითელაურმა, 27 წლის დავით ელიზბარაშვილი ცოტა ხნის წინ ცემეს. ცემის შედეგად დაკავებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო. მიუხედავად ამისა, ის ხელბორკილით საწოლის ფეხზე მიაბეს. მოგვიანებით ციხელიშვილისა და წითელაურის მიმართ საქმე აღიძრა. სისხლის სამართლის კოდექსით არაადამიანური მოპყრობა მძიმე დანაშაულია, თუმცა სასამართლომ დაკავებული სამართალდამცავები 2 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.