გაერო-ს საგამოძიებო კომისიამ ისრაელი და პალესტინის რამდენიმე ორგანიზაცია ომის დანაშაულებში დაადანაშაულა.
ისრაელმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ განადგურების, მკვლელობის, იძულებითი გადაადგილების, წამების. არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის ასევე სექსუალური დევნის სახით, რომლის სამიზნეებიც იყვნენ პალესტინელი კაცები და ბიჭები. ამის შესახებ, ნათქვამია კომისიის ანგარიშში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის და სხვა ექვსი პალესტინური შეიარაღებული ჯგუფის ქმედებები, ისევე როგორც ისრაელზე მიმდინარე სარაკეტო თავდასხმები, ასევე განიხილება ომის დანაშაულებად.
„ჰამასმა და პალესტინის შეიარაღებულმა ჯგუფებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ სარაკეტო თავდასხმები და გაათავისუფლონ ყველა მძევალი“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი რაოდენობით მსხვერპლი და სამოქალაქო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის მასშტაბური განადგურება იყო ისრაელის სტრატეგიის გარდაუვალი შედეგი, რომელიც განხორციელდა მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით, განურჩევლად, პროპორციულობისა და სათანადო სიფრთხილის პრინციპების უგულებელყოფით.
კომისიის თავმჯდომარემ, გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ჰამასმა უნდა დაასრულოს სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე.
დოკუმენტის ავტორების თქმით, თელ-ავივი ხელს უშლიდა კომისიის გამოძიებას და საბრძოლო ზონაში წვდომას. გაერო-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს ანგარიში სახელმწიფოებს 19 ივნისს ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 56-ე სესიაზე წარედგინება.
ისრაელის ელჩმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში, მეირავ შადარმა კომისია მიკერძოებაში დაადანაშაულა. "ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ყველა ქმედება ემსახურება ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს", - თქვა შადარმა.