ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ივნისის ბოლოს. ამის შესახებ ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა ახსენა უკრაინის მიერ რეფორმების გეგმის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც ევროკავშირის მიერ მომავალ წლებში მრავალმილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პირობაა.
ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყონ.
„უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.