საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპაში ე.წ. რადიკალური ლიბერალიზმი თავის პოზიციებს კარგავს და მის ადგილს ნელ-ნელა იკავებენ მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები.
ქადაგიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ევროპაში განწყობები იცვლება.
„ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი შედეგი ისაა, რომ გამოჩნდა ახალი ტენდენცია – ევროპაში ე.წ. რადიკალური ლიბერალიზმი თავის პოზიციებს კარგავს და მის ადგილს ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იკავებენ მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მიწისძვრა ევროპარლამენტში, მაგრამ მარჯვენა მხარეს განწყობების და პოლიტიკური ძალთა ბალანსის გადანაცვლება აშკარად გამოჩნდა. ეს აისახა ევროპის წამყვან ქვეყნებზე, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ნათელ სურათს, რომ ევროპაში განწყობები იცვლება. ევროპა უფრო მეტად ხედავს, რომ მისი, როგორც ევროპული მომავალი, უფრო მეტად უნდა წყდებოდეს ევროპაში, ის რომ ფსევდოლიბერალიზმი საბოლო ჯამში, განვითარების „ტუპიკი“ არის და ომი არ არის ევროპის პრიორიტეტი. ომი უკანასკნელ წვეთამდე ასუსტებს ევროპას და აძლიერებს ისეთ გლობალურ მოთამაშეებს, რომელთა მიზნებიც ძირეულად არ შეესატყვისება ევროპის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა ევროპის პოლიტიკაში ახალი ტენდენციების დამკვიდრების მკვეთრი და მკაფიო სურათი მოგვცა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.