ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ ოფიციალურად განაცხადა, რომ თანამდებობას ორშაბათს დატოვებს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აღიარა თავისი პარტიის დამარცხება და მიულოცა არჩევნებში გამარჯვებულებს, კონსერვატიულ პარტია N-VA-ს რომელიც ფლამანდიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის მხარდამჭერია.
ეროვნულ არჩევნებში N-VA-მ აიღო 18%-ზე მეტი, ხოლო პრემიერ-მინისტრის პარტიამ, ლიბერალურმა Open VLD-მა, 6%-ზე ნაკლები მიიღო. ბელგიაში ეროვნული საპარლამენტო არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ხვალიდან დავტოვებთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ. We will be back“, - თქვა მან.
მიუხედავად პარტიის დაბალი შედეგისა, თანაპარტიელებმა დე კროსის გამოსვლას ტაშით მიესალმნენ და მხარი დაუჭირეს.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისი მემკვიდრე, ბელგიის მთავრობის ახალი სრულუფლებიანი მეთაური, სწრაფად უნდა დაინიშნოს. თუმცა, ეს სიჩქარე დამოკიდებულია კოალიციის ჩამოყალიბებაზე.