ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ტოვებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის კაბინეტს. „ნეთანიაჰუ ხელს გვიშლის წინსვლაში რეალურ გამარჯვებამდე {ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასზე}“ - თქვა განცმა სატელევიზიო გამოსვლაში.
მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას „რთული და მტკივნეული“ უწოდა. განცის თქმით, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება, ის ტოვებს მინისტრის პოსტს, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შექმნილ ომის კაბინეტში.
ამავე დროს, განცმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ ომის შემდგომი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე მაღლა პირად პოლიტიკურ ინტერესებს აყენებს. „საბედისწერო სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება გაურკვევლობით და გაჭიანურებით პოლიტიკური მიზეზების გამო“, - ხაზგასმით აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და მოუწოდა პრემიერ-მინისტრს არჩევნები უახლოეს თვეებში ჩაატაროს.
"მოვუწოდებ ნეთანიაჰუს, დანიშნოს არჩევნების შეთანხმებული თარიღი. არ დაუშვათ ჩვენი ხალხის გახლეჩვა“, - თქვა განცმა.