უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა. ბუდაპეშტში ანტისამთავრობო აქცია ევროპარლამენტის არჩევნების დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა.
43 წლის პიტერ მაგიარი, რომელმაც რამდენიმე თვეში უნგრეთის უძლიერესი ოპოზიციური პარტია შექმნა, იმედოვნებს, რომ კვირას ევროპარლამენტის არჩევნებში კარგ შედეგს გამოიყენებს წინსვლისთვის, რათა დაამარცხოს ორბანი 2026 წელს დაგეგმილ არჩევნებზე.
ოდესღაც ორბანის პარტია „ფიდესის“ ინსაიდერმა, პიტერ მაგიარმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, როდესაც საჯაროდ დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრი და მისი მოკავშირეები კორუფციასა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებში.
შაბათს, მაგიარმა სიტყვით მიმართა ბუდაპეშტში გმირთა მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს და თქვა, რომ ის და მისი მოძრაობა ააშენებენ „უფრო ლამაზ, მშვიდ და ბედნიერ ქვეყანას“ და დაასრულებენ ორბანის 14 -წლიან ხელისუფლებას.
AP-ის ინფორმაციით, ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ევროპარლამენტის არჩევნებში ორბანის პარტია „ფიდესი“ სავარაუდოდ ხმათა უმრავლესობას მიიღებს, თუმცა მაგიარის პარტიამ შესაძლოა 30%-ამდე მოიპოვოს, რაც მნიშვნელოვან ადგილებს დააკარგვინებს პრემიერის პარტიას ევროპარლამენტში. უნგრეთში 21 კანდიდატს ირჩევენ.