„დღეს, რესტავრაციის შემდეგ, სოფელ ქურაში, მე-12 საუკუნის სახარება დაბრუნდა, რომელიც ამ სოფლის საკუთრებაა. ისტორიულ სახარებას დაზიანებები ჰქონდა და მოხდა მისი რესტავრაცია. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილე მეც ვარ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშში სტუმრობისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეროვნულ არქივში, 18 თვის განმავლობაში ამ ხელნაწერზე მუშაობა მიდიოდა - მისი სრული რესტავრაცია, გასუფთავება, დამუშავება და ყდის შემკობა.
„ამ ხელნაწერი სახარების ყურებისას, ვხედავ იმ სულიერ და ფიზიკურ კავშირს, რომელიც ამ ფურცლების მეშვეობით, საუკუნეების განმავლობაში, ადგილობრივ მკვიდრებს და ღმერთს შორის არსებობდა. ამას რომ ხედავ, რა თქმა უნდა იღვიძებს ის, რაც ჩვენს სისხლში ისტორიულად არის - ეროვნული სიამაყე, სულიერება და რწმენა.
ძალიან მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა არქივთან შედგა. მინდა მადლობა გადავუხადოთ ლაბორატორიის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც ამ პროცესს მთლიანად კურირებდა და ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარლამენტის გამორჩეულ წევრებს - ბატონ სოზარ სუბარს და ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომლებიც ამ საქმის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელები და თანამონაწილენი არიან.
და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა სოფელ ქურაშის მკვიდრებს, რომლებმაც საუკუნეები შემოინახეს ეს ისტორიული და სულიერი ძეგლი. მათი მეოხებით ამ სახარებამ ჩვენამდე მოაღწია და დიდი მადლობა უპირველეს ყოვლის მათ და მათ წინაპრებს“. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ.