ამერიკელი ასტრონავტი უილიამ ანდერსი, რომელმაც კოსმოსურ ხომალდი „აპოლო-8“-ით მთვარეს შემოუფრინა და ცნობილი ფოტო „დედამიწის ამოსვლა“ გადაიღო, 90 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ის მსუბუქძრავიან თვითმფრინავს მართავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მისი თვითმფრინავი ვაშინგტონის შტატში, სიეტლის ჩრდილოეთით წყალში ჩავარდა.
ანდერსის ვაჟმა გრეგმა დაადასტურა, რომ მამამისი დაფრინავდა მცირე ზომის თვითმფრინავით და რომ მისი ცხედარი პარასკევს, 7 ივნისს შუადღისას აღმოაჩინეს.
„ჩვენი ოჯახი განადგურებულია. ის შესანიშნავი პილოტი იყო. ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
1968 წლის 24 დეკემბერს, მისია „აპოლო 8’-ის ასტრონავტები - უილიამ ანდერსი, ფრენკ ბორმენი და ჯიმ ლოუელი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც მთვარეს შემოუფრინეს.
მისია ისტორიული იყო, მაგრამ არანაკლებ სამახსოვროა მაშინ გადაღებული სახელგანთქმული ფოტო, რომელსაც „დედამიწის ამოსვლა“ უწოდეს. კადრში ასახულია დედამიწა, რომელიც მთვარის ლანდშაფტის ფონზე ამოდის.
ამ მომენტამდე, ჩვენი ცისფერი პლანეტა ასე შორი მანძილიდან არავის არასდროს ჰქონდა ნანახი.
ფოტოზე ჩვენი პლანეტა ძალიან პატარა და მოწყვლადი ჩანს კოსმოსის ვრცელ წყვდიადში, რაც ადამიანებს სისუსტისა და უსუსურობის შეგრძნებას გვიმძაფრებს.
დედამიწის ამოსვლა ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, გამოიყენება საფოსტო მარკებში, პოსტერებში და ა. შ.
სახელგანთქმული ფოტო მაშინ გადაიღეს, როცა მისიამ მთვარეს მეოთხედ შემოუფრინა და ორბიტა შეიცვალა, რა დროსაც ჰორიზონტზე დედამიწაც გამოჩნდა.
მოგვიანებით ანდერსმა ამ ფოტოს უწოდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი კოსმოსურ პროგრამაში.
„მთვარის გამოსაკვლევად ჩვენ მთელი გზა გავიარეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინეთ, დედამიწა იყო“, - თქვა მან.
ბევრს მიაჩნია, რომ ამ ფოტომ გამოიწვია გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობა და საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო დედამიწის დღის კამპანიას.