ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ანა პიზონერო ავრცელებს.
მისი თქმით, ევროკომისიამ უკვე მიიღო სპეციალური დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი, რა დავალებები შეასრულეს ოფიციალურმა კიევმა და კიშინოვმა.
"წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ - მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია", - განაცხადა მან.
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლაპარაკებების დაწყებას 1 ივლისამდე, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციით უნგრეთი უნდა გახდეს.
უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პირობები იყო ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირების კუთვნილი აქტივების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.