რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთში, როსტოვის ოლქის ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში აფეთქებები მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. მათი განცხადებით, ქარხანას უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.
ამასთაბ, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა დაადასტურა, რომ ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანასუკრაინულმა დრონებმა დაარტყეს.
„უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - დაწერა გოლუბევმა ტელეგრამ-არხზე.
ამის შემდეგ ვასილი გოლუბევმა კვლავ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხანძრის ქრობის ოპერაცია ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში განმეორებითი თავდასხმის გამო შეჩერდა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის გარდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეტევა განახორციელეს ბელგოროდის რეგიონში ნავთობბაზაზე.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალები, კამიკაძე-დრონებით თავს დაესხნენ ნავთობის საწყობს ქალაქის სტაროსკოლსკის რაიონის ტერიტორიაზე. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ოთხმა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლი სწრაფად ჩააქრო“, - წერს ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ-არხზე.
მისი მტკიცებით, დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა.