როგორ შეიძლება ის ქვეყანა იყოს შენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანას ისტორიულად უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი.
„ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და რანაირი სტრატეგიული პარტნიორია ქვეყანა, რომელიც ასეთ რეზოლუციას მხარს არ უჭერს. უკვე ყველაფერი გასაგებია და ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ისტორიულად უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი და ეს არის ევროატლანტიკური სივრცე და ინტეგრაცია ევროკავშირში. ამიტომ, ახალი რაღაც სტრატეგიული ურთიერთობების და პარტნიორობის გამოგონებები შორს ვერ წაგვიყვანს და აი ამ გადაწყვეტილებას, რეზოლუციაზე ჩინეთის მხრიდან ამ უარყოფითმა გადაწყვეტილებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა ქვეყანამ, ხოლო 52-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ქვეყნებს შორის, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, არის ჩინეთიც.