გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD IV-ის FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) კომპონენტის ახალ მენეჯერს გუიდო აგოსტინუჩის შეხვდნენ.
მინისტრის მოადგილეებმა გუიდო აგოსტინუჩის ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცეს და ერთობლივი, წარმატებული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პროგრამის ფარგლებში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის, ასევე, აკვაკულტურისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.
როგორც გუიდო აგოსტინუჩიმ განაცხადა, თვალსაჩინოა სამინისტროს მზაობა პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის, რაც შედეგებზე აუცილებლად აისახება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ENPARD IV-ის ეფექტიანი განხორციელების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ENPARD-IV გულისხმობს სოფლის განვითარების მხარდაჭერას შემდეგი აქტივობებით: სოფლად სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, მმართველობის სისტემების გაუმჯობესება, სოფლის განვითარებაში ქალთა როლის გაძლიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და გარემოს დაცვა; პროგრამა ასევე ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას.