გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 111 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 37-37 ფაქტი გამოვლენილია კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, აჭარაში - 15, შიდა ქართლში - 11, იმერეთშიც - 11, გურიაში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6 და მცხეთა-მთიანეთში - 2.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დალუქულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 135 ფაქტი გამოავლინეს.