ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ცხადდება ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელიც მიმდინარე წლის 26 ივნისამდე გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის წესები:
ესეს შინაარსი უნდა ეხებოდეს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ თემატიკას; ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200-300 სიტყვას; კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 10-18 წლამდე); კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია
- ავტორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სკოლის დასახელება და ტელეფონის ნომერი; თემასთან და მითითებულ პირობებთან არსებითად შეუსაბამო, უცენზურო, დისკრიმინაციული, ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები, ასევე, ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს, არ მიიღება; თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ესე; მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ესე, ინტერნეტში მოძიებული ესე კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს; წარმოდგენილ ესეზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს.
სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, წამოაყენონ რაიმე სახის (ქონებრივ, არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული) პრეტენზია გამოქვეყნებულ ესსესთან დაკავშირებით; კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში; კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას და სამინისტროს გადასცემს უფლებას, მის მიერ გადმოგზავნილი ესსე შემდგომში გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ; გაცნობებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით, კონკურსანტი ავტომატურად ეთანხმება კონკურსის პირობებს; ესეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგი ფოსტის
მისამართზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის“. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია 26 ივნისის ჩათვლით.
დაგვიანებით ან/და არასრული მონაცემებით წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.
კონკურსის ვადის დასრულების შემდგომ, ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო.
კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეხუთე წელია ატარებს და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.