გამოცემა The Telegraph-ი იუწყება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამუშავებს რამდენიმე „სახმელეთო დერეფნის“ შექმნას, რომლის გასწვრივ ამერიკული ძალები და ჯავშანტექნიკა შეძლებენ მიუახლოვდნენ ფრონტს რუსეთთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ომის შემთხვევაში.
ევროპაში ლოჯისტიკური მარშრუტები ნატო-ს მთავარ პრიორიტეტად იქცა მას შემდეგ, რაც ალიანსის ლიდერები გასულ წელს შეთანხმდნენ, რომ 300 000 ჯარისკაცი მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში ჰყავდეთ, აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად.
ამისთვის ალიანსი ამზადებს „სახმელეთო დერეფნებს“, რომელთა მეშვეობითაც სამხედროებს შეეძლებათ ტვირთის თავისუფლად გადაზიდვა.
ამჟამინდელი გეგმები ითვალისწინებს აშშ-ის ძალების დაშვებას ნიდერლანდების პორტებში, განსაკუთრებით როტერდამში, ვიდრე მათ გერმანიის გავლით მატარებლით გადაიყვანენ პოლონეთში.
გამოცემის ცნობით, თუ რუსეთის თავდასხმების შედეგად ჩრდილოეთ ევროპის პორტები განადგურდება, მზადდება სხვა მარშრუტი - სამხრეთ პორტების გავლით იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში. მაგალითად, იტალიიდან აშშ-ის ჯარების ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება სლოვენიის და ხორვატიის გავლით უნგრეთში, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს უკრაინასთან.
მსგავსი გეგმები არსებობს თურქეთისა და საბერძნეთის პორტებიდან ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით ჯარების ტრანსპორტირებისთვის.
გარდა ამისა, The Telegraph-ი წერს, რომ მუშავდება გეგმა ჯარების ტრანსპორტირების მიზნით ბალკანეთის პორტებით, ასევე ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის გავლით.
გენერალ-ლეიტენანტის, ალექსანდრ სოლფრანკის თქმით, რომელიც ნატო-ს გაერთიანებული ძალების ლოჯისტიკის სარდლობას (JSEC), ხელმძღვანელობს, ბოლო ხუთი წელი დაუთმო სხვადასხვა მარშრუტის შესწავლას, რომლებითაც შეიძლება ჯარების გადაყვანა რუსეთის შეჭრასთან დასაპირისპირებლად.
”ყველაფერი ისეა შექმნილი, რომ უზრუნველყოს აუცილებელი სტაბილურობა - საიმედოობა, რეზერვები და ასევე რაოდენობის გაორმაგება,” - განმარტა მან.