ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია - Georgian Natural Wine Day (ქართული ბუნებრივი ღვინის დღე) გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა სახეობის 10 ქართული ღვინო იყო წარდგენილი.
დეგუსტაციას 1000-მდე სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ბრუსელში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.