1-ელ ივნისს, 13:00 საათზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფიროსმანის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართება ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ბავშვები წარმოადგენენ მხატვარ და პედაგოგ ვერა ქიქოძის სახელოსნოს. ნახატები წარმოდგენილია როგორც ფერწერულ, ისე ფერადი გრაფიკის ტექნიკაში. გამოფენაში მე-2-მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
"მიუხედავად ასეთი პატარა ასაკისა ნამუშევრებს მკაფიოდ ეტყობა დაუღალავი შრომა და ხატვისადმი დიდი მისწრაფება და სიყვარული, რაც გამოიხატება საკმაოდ დახვეწილ მხატვრულ ტექნიკაში. თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალური ხედვა, შესრულების თავისებური მანერა და, რაც მთავარია, თავისუფალი აზროვნება და გამოხატვის უნარი", - ამბობს ვერა ქიქოძე.