1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი.
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე - კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.