ეუთო/ოდირის დასკვნა სწორია. თუ კონკრეტულად პოლიტიკაში ჩართულობის დაზღვევა ან გამჭვირვალობა გინდა, ამისთვის იდეალური გამოსავალია – ლობიზმის კანონი და არა ხალიჩისებურად ყველა „ენჯეოს“ დარეგულირება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
„ეუთო-ს მაღალჩინოსანი საქართველოში იყო ჩამოსული, იმ შეხვედრას ვესწრებოდი და რა გამოსავალიც ვუთხარი, ერთი ერთში დაემთხვა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს ნათქვამს დაჰყვნენ, უბრალოდ გაგვიხარდა, რომ „გირჩების“ ხედვა ერთი ერთში დაემთხვა ეუთო/ოდირის ხედვას. ჩვენ ვამბობდით და დასკვნაშიც წერია, რომ ყველა „ენჯეოს“, რომელიც ფულს დასავლეთიდან იღებს, ხალიჩისებრი დარეგულირება არასწორია. დაფინანსების 20%-ის გამო უცხოური გავლენის აგენტი დაუძახო არასწორი და არაპროპორციულია. თუ ხელისუფლებას სურდა, პოლიტიკური გავლენები თუ ადვოკატირება დაერეგულირებინა, ამისთვის ლობიზმის კანონზე უნდა გვემუშავა, რომელიც ამ პერიოდში კანონპროექტად გვქონდა შემოტანილი. ეს იქნებოდა ელეგანტური გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ეს გამორიცხავს იმ უხერხულ სიტუაციებს და იმ არასწორ მიდგომას „ენჯეოების“ მიმართ, რომელიც აგერ უკვე ვნახეთ „ფეა თრიიზის“ პირველ მაგალითზე და მას მრავალი მოჰყვება, როდესაც „ენჯეოები“ თუ მათი დონორები გადაწყვეტენ, ამ სახელის მიუღებლობის გამო სხვადასხვა პროექტი შეაჩერონ. ეუთო/ოდირის დასკვნა სწორია. თუ კონკრეტულად პოლიტიკაში ჩართულობის დაზღვევა ან გამჭვირვალობა გინდა, ამისთვის იდეალური გამოსავალია ლობიზმის კანონი და არა ასე ხალიჩისებურად ყველა „ენჯეოს“ დარეგულირება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
მისი თქმით, იმის ძახილი, რომ ეუთო/ოდირი „ნაცია“ „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება.
„ადვოკატირება ძალიან სპეციფიკური საქმიანობაა. ვთქვათ, მე თუ ადვოკატი ვარ და მკვლელს ვიცავ, არ ნიშნავს, რომ მკვლელობა მომწონს, ის უბრალოდ კლიენტია ჩემი და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. იმის ძახილი, რომ ეუთო/ოდირი „ნაცია“, არ მგონია „ქართულ ოცნებას“ წაადგეს. „ქართული ოცნების“ ნახევარი 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და ასე თუ მიუდგებიან, ჯერ თავიანთ რიგებში გაწმინდონ „ნაცები“ და მერე ეძებონ ქვეყნის გარეთ“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ჰერმან საბომ.