ტრენინგი თევზების გენეტიკის მიმართულებით მეთევზეობის კვლევით ინსტიტუტში (SUMAE), ცენტრალური აზიისა და კავკასიის მეთევზეობისა და აკვაკულტურის რეგიონული კომისიის (CACFish) მხარდაჭერით ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა მიიღეს.
სასწავლო კურსი მოიცავდა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევებისთვის ნიმუშების აღების, შენახვისა და დამუშავების მეთოდების შესწავლას, ნიმუშების ქსოვილებიდან დნმ-ის გამოყოფასა და PCR მეთოდის საშუალებით სახეობათა იდენტიფიკაციას. გენეტიკური მეთოდების გამოყენება წყლის ბიოლოგიური რესურსების იდენტიფიკაციის მიზნით, ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიმართულებაში ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს და გამოიყენება აკვაკულტურასა და თევზების აღწარმოებაში.
მსგავსი ტიპის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა ხელს უწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და დარგში ახალი ინოვაციური მეთოდების დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რის შედეგადაც 2024 წლის 2 აპრილს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. ამ აღიარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან შესაძლებელი გახდა საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.