უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგი არამეგობრული განცხადება, რომელშიც უკრაინას „ჩამოქცეული ქვეყანა“ უწოდა და ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაში დამნაშავე ვერავინ დაინახა.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქნეთა სამინსიტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყებამ მიუღებელი და აღმაშფოთებელი უწოდა კობახიძის სიტყვებს უკრაინაზე და მის დამახინჯებულ შეფასებებს სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებზე.
უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახსენებს, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და „ მას აკისრია პასუხისმგებლობა ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დანგრევაზე“, ხოლო თავად მას არასოდეს უხსენებია აგრესორი სახელმწიფო თავის განცხადებაში.
"უკრაინისთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის ბრძოლასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევაზე. საგულისხმოა, რომ ქართველი ჩინოვნიკის აღნიშნულ განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ ერთხელაც არ ყოფილა ნახსენები.
სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაცია, რომელთა გარჩევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან რთული გახდა.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ასეთი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებენ რუსულ ნარატივებს, და უკრაინის საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, თავისუფლების, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებისკენ." ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ უკრაინის შესახებ განაცხადა: „2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, 10 000-ობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.“